11 აგვისტო 2022,   07:02
ვრცლად
თქვენც აღტაცებული დარჩებით, რომ უსმენდეთ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობას, ყოველ ჯერზე ზუსტი ანალიზი აქვთ წარმოდგენილი - ალეკო ელისაშვილი

დღეს საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს. 

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, მიესალმება იმ ფაქტს, რომ პარლამენტში ამ ტიპის დისკუსიები იმართება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებს ჰქონდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოსთან მიმართებაში.

"მოხსენება საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დახურულ იყო და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეფასებების მოსმენა დაზვერვის სამსახურის მხრიდან, არამედ პოლიტიკის ფორმირებაც ამ საფრთხეების საპირწონედ, რაც პარლამენტში დისკუსიის საგანი უნდა იყოს,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს, მისი თქმით, საქართველოში დაზვერვის სამსახურს ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.

"მეც ძალიან ზერელე წარმოდგენა მქონდა თუ რას საქმიანობდა დაზვერვის სამსახური და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით არიან დაკომპლექტებულები და მათი ანალიზი არის ძალიან სიღრმისეული. თქვენც აღტაცებული დარჩებით, რომ უსმენდეთ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობას, ყოველ ჯერზე ზუსტი ანალიზი აქვთ ხოლმე წარმოდგენილი და მე სიმართლე გითხრათ არ მქონდა ამხელა წარმოდგენა დაზვერვის სამსახურზე,"- აცხადებს ელისაშვილი. 

დღის ამბები