23 მაისი 2022,   17:37
ვრცლად
ყველა მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია - გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში უჩვეულოდ უხვი ნალექი მოვიდა საქართველოს მასშტაბით, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა საავტომობილო დეპარტამენტის მართვაში არსებულ ცენტრალურ გზებზე. შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებაზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გზები მუშავდებოდა ტექნიკური მარილით.

შეზღუდვები დაწესებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მიმართულებით ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ავტოსატრანაპორტო საშუალებებისთვის. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს მოქალქეებს, დაემორჩილონ შესაბამის შეზღუდვებს და იმოძრაონ შესაბამისი ზამთრის საბურავებით, რათა უსაფრთხოდ გადაადგილდნენ მაგისტრალებზე," - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა გორის მაგისტრალურ გზაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის, ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ასევე ამ დროისთვის, საჩხერე-ონის გზასა და ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ჯერჯერობით კვლავ ძალაშია.

უწყების ცნობით, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: თოვლისა და ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 მონაკვეთზე (ცაგერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს," - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დღის ამბები