23 მაისი 2022,   17:56
ვრცლად
სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც დევნილი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობის ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.

სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ,"- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, დღეს, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

დღის ამბები