25 მაისი 2022,   19:51
ვრცლად
მედიკამენტების ფასის რეგულირება - საკითხზე მუშაობა პარლამენტში მიმდინარე კვირიდან იწყება

მედიკამენტების ფასის რეგულირების საკითხზე მუშაობას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები მიმდინარე კვირიდან იწყებენ. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს უკვე მიმართა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხში პრემიერის ჩართულობა გარანტიაა, რომ მიღებული რეგულაციები ქმედითი და ეფექტური იქნება.

"ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასი არის მაღალი სხვა ქვეყნებთან შედარებით, არარეალურად მზარდია ეს ფასები და ვფიქრობ, ეს ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯებზე. ამ საკითხს სჭირდება მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა და პრემიერის ჩართულობა იქნება გარანტია, რომ მიღებული რეგულაციები იქნება ქმედითი და ეფექტური," - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

პროცესში ოპოზიცის ნაწილი პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პრობლემის რეალურად მოსაგვარებლად აუცილებელია სისტემური ღონისძიებების გატარება.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის საკითხი უდაოდ დადებითი ქმედებაა, თუმცა მხოლოდ ამ ნაბიჯით ფასების დაწევის საკითხი ვერ გადაწყდება.

"რაც შეეხება წამლების შემოტანას თურქეთიდან, ეს დადებითი ნაბიჯია, თუმცა წამლების ფასისა და ხარისხის თემა კომპლექსურია და მხოლოდ ამ მიმართულების გადაწყვეტით ვერ გადაწყდება წამლის საფასურის და სიძვირის თემა იმიტომ, რომ გარდა ამისა აქ ძალიან ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი, მიმართულება. ეს არის იგივე ჰოლდინგებისა და მონოპოლიების თემა. საყოველთაო და კერძო დაზღვევის ურთიერთობის თემა," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიასა და საწვავზე ფასების დაწევასაც ჰპირდებოდა მთავრობა, თუმცა ორივე შემთხვევაში დაპირება დაპირებად დარჩა.

"გვახსოვს ჩვენ ელექტროენერგიაზე გვპირდებოდნენ ფასების დაწევას და პირიქით მივიღეთ, გვახსოვს საწვავზე დაკლებას და პირიქით მივიღეთ. არც ერთი დაპირება, რომელიც ეხებოდა ფასების დაწევას არ შესრულებულა, ამიტომ, მათ ადგილას მე ჯერ საქმეს გავაკეთებდი და მერე ჩავატარებდი უკვე მთავრობის სხდომის გახსნას აღნიშნული საკითხით. უცნაურია, რას აკეთებდა 10 წლის განმავლობაში თუ კი ასე მარტივად შეიძლებოდა მედიკამენტებზე ფასის დაწევა," - ამბობს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის შესახებ მთავრობის სხდომის წინ გუშინ ისაუბრა.

საქართველოში თურქეთიდან GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები შემოვა, რამაც მედიკამენტების ფასები უნდა გააიაფოს.

დღის ამბები