23 მაისი 2022,   17:45
ვრცლად
რაში ადანაშაულებს სკანდალური საქმის ხელმძღვანელი თაღლითური ჯგუფის სხვა ფიგურანტებს -  ბრალდებულის სიტყვა სასამართლოზე

დაყადაღებული მილიონების და თაღლითური სქემის საქმეზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს, უნდა გადაწყდეს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

პროცესს 4 ბრალდებული ესწრება, მათ შორის, საბა პოღოსოვი, რომელიც დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ის იყო სკანდალური საქმის ხელმძღვანელის, ამერიკის მოქალაქის რიჩარდ არმენტას მთავარი მოკავშირე.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საბა პოღსოვმაც ისარგებლა სიტყვით. პოღოსოვმა დეტალურად გაიხსენა წლების განმავლობაში ამ საქმის გამოძიების ფარგლებში მის მიერ მიცემული ჩვენები. ბრალდებულის თქმით, ამ წლების განმავლობაში ის არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, აშშ-ში. მისი თქმით, ის აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აწვდიდა მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას. ამასთანავე, პოღოსოვი "კაპიტალ ბანკის" ყოფილ თანამშრომლებს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ სახელმწიფო ბრალდებამ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. 

ცნობისთვის, საქმე ეხება თანხების უკანონო ბრუნვას საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია "კაპიტალ ბანკში". დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, -   ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

 ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

 

დღის ამბები