18 მაისი 2022,   23:43
ვრცლად
"ვაქცინაციას დაინფიცირება ამჯობინა..."- ჩეხი მომღერალი კორონავირუსით განზრახ დაავადდა და გარდაიცვალა

ჩეხეთში ფოლკ-ჯგუფის Asonance-ის ვოკალისტი ჰანკა ჰორკა გარდაიცვალა. ის კორონავირუსით სპეციალურად დაინფიცირდა, რათა დაავადების გადატანის შემდეგ საჯარო დაწესებულებებში ვიზიტის შესაძლებლობა ჰქონოდა. 57 წლის მომღერლის სიკვდილი უცხოურ მედიას მისმა შვილმა დაუდასტურა.

ჰორკა სოციალურ ქსელში წერდა, რომ ის გამოჯანმრთელების გზაზე იყო, თუმცა ამ ჩანაწერიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც მომღერლის ვაჟი იან რეკი ჰყვება, ჰორკამ კორონავირუსი განზრახ დაიმართა. ორჯერადად აცრილი იანი და მამამისი კორონავირუსით დეკემბრის ბოლოს დაინფიცირდნენ, აუცრელი ჰანკა ჰორკა კი იზოლაციის ნაცვლად მათ გვერდით დარჩა.

"ის უნდა ყოფილიყო იზოლირებული ჩვენი დადებითი დიაგნოზიდან ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მან არ დაგვტოვა," - თქვა რეკმა.

მომღერალი გეგმავდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკაში საჭირო კოვიდ საშვის მიიღებდა, ზოგიერთ დაწესებულებაში შესასვლელად, მათ შორის კინოთეატრებში, ბარებსა და კაფეებში.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჰორკამ დაწერა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება. "ახლა უკვე შესაძლებელი იქნება თეატრში, საუნაში და კონცერტზე წასვლა," - წერდა ის.

კვირა დილით, გარდაცვალების დღეს, მომღერალმა ახლობლებს უთხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და სასეირნოდ გამოეწყო, მაგრამ უცებ ზურგი ასტკივდა და საძინებელში დაწვა, "ათ წუთში ყველაფერი დასრულდა, ის გაიგუდა," - ამბობს მისი შვილი.

იან რეკი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამისი არ იყო ვაქცინირებული, მას ვირუსის წარმოშობის ან ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიების არ სჯეროდა. "მან უბრალოდ ინფექცია ამჯობინა ვაქცინაციას. მიკროჩიპზე ან რაიმე მსგავსზე არ იყო ლაპარაკი," - ამბობს მომღერლის შვილი. მისი თქმით, ვაქცინაციაზე მისი დარწმუნების მცდელობა უსარგებლო იყო, რადგან ის ძალიან ემოციურად რეაგირებდა ასეთ საუბრებზე.

ის იმედოვნებს, რომ ეს ამბავი უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს ვაქცინაციისკენ.

"თუ თქვენ თვალწინ რეალური ცხოვრების მაგალითებია ეს უფრო დამაჯერებელია, ვიდრე გრაფიკები და რიცხვები. ძნელია ციფრებს უთანაგრძნო,"- ამბობს ის.

ოთხშაბათს ჩეხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ახალ პიკს მიაღწია - 28469 ინფიცირებული. ქვეყნის მოსახლეობა 10,7 მილიონი ადამიანია.

მთავრობამ ცოტა ხნის წინ დანერგა ახალი ზომები დაავადების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის სავალდებულო ტესტირება. ამავდროულად, უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 14-დან 5 დღემდე შემცირდა. ჩეხეთის რესპუბლიკის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 63% სრულად არის აცრილი - ევროკავშირში კი აცრილი ადამიანების საშუალო წილი 69%-ია.

 

 

 

დღის ამბები