28 მაისი 2022,   14:41
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეში ბრალდებულ საბა პოღოსოვს პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეში ბრალდებულ საბა პოღოსოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა თაღლითური სქემის მთავარ ორგანიზატორს, ამერიკის მოქალაქე გილბერტ რიჩარდ არმენტასაც. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს - მათ 30 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

საერთო ჯამში თაღლითური საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ 17 პირის მიმართ დაიწყო - აქედან 12 კომპანია, 5 კი ფიზიკური პირია.

საბა პოღოსოვის ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი იმიტირებული იყო.

"ეს იყო იმიტირებული პროცესი. მოსამართლე წარმოადგენდა პროკურატურის მხარეს, რაზეც დავაყენეთ შუამდგომლობა აცილების შესახებ. ბუნებრივია არ აიცილებდა, მოსალოდნელიც იყო ეს. "კაპიტალ პლიუსში" საერთოდ პოზიციას არ იკავებდა, წარმომადგენელი იყო საქართველოში გილბერტის," - აცხადებს საბა პოღოსოვის ადვოკატი გიორგი ღვინიაშვილი.

საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დოკუმენტაციის სახით არსებული მტკიცებულებებით ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება. 

"ბრალდებულებმა შესაბამისი სტანდარტით ჩაიდინეს დანაშაული, ანუ ფულის გათეთრება. მათი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უარყოფითი მონაწილეობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არსებობდა. რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას, თითქოს და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან შორს არის საქმეში არსებული მტკიცებულებებისგან იმიტომ, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე მტკიცებულებები ძირითად შემთხვევაში არის დოკუმენტაცია. დოკუმენტებით პირდაპირ დასტურდება, მათი სახელი და გვარი არის დაფიქსირებული," - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება თანხების უკანონო ბრუნვას საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია "კაპიტალ ბანკში". დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან/და ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

დღის ამბები