22 მაისი 2022,   17:04
ვრცლად
"გარეთ დიდი მონიტორი დავამონტაჟოთ, გარეთ უნდა გყავდეს ხალხი და ქუჩას უნდა იჭერდე" - ბრძოლის რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას

ბრძოლის რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რა უნდა იყოს საერთო მიზანი და რატომ ვერ ხერხდება ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება - საკითხზე პარტიებს შორის ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. 

"ნაციონალური მოძრაობა" ისევ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა საერთო პრიორიტეტი უნდა იყოს:

"ოპოზიცია მთავარი მიზნის ირგვლივ უნდა იყოს ერთიანი და ეს მიზანი ცვლილებები და სააკაშვილის გათავისუფლებაა. ეს რომ უნდა იყოს შეთანხმების საგანი - ცხადია. შესაძლოა, რაღაც ეტაპზე გაცილებით უფრო მასშტაბური და წარმატებული იყოს ქუჩის აქციები, აუცილებლად უნდა იყოს ეს," -აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი ნიკა ობოლაძე. 

ამ თეორიას პარტიების ნაწილი ეთანხმება, ნაწილი კი თვლის, რომ ოპოზიცია უფრო აქტიური უნდა იყოს და აქციები უნდა განახლდეს. ასევე ყველა დეპუტატმა საკუთარი საპარლამენტო მანდატი უნდა გამოიყენოს.

"კოორდინაცია გვაკლია ოპოზიციას, არ მომწონს ტემპი, სიჩუმე და ეს სტრატეგია ჩემთვის მიუღებელია. პირველივე სხდომა რომ იქნება, ვთქვი, გარეთ დიდი მონიტორი დავამონტაჟოთ, გარეთ უნდა გყავდეს ხალხი და ქუჩას უნდა იჭერდე.

იმედია ქირქილს არ დაიწყებენ ზოგიერთები, როგორც კარავზე დაიწყეს და მართალი აღმოვჩნდი - მაინც ლეიბების დაგება მოუწიათ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ არ ესმის რატომ უნდა ხდებოდეს ოპოზიციის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იდეა ვერ იქნება. 

მმართველ გუნდში კი არ სჯერათ, რომ საზოგადოებაში აქციებისა და მსვლელობების მუხტი არის. "ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ, სახელმწიფოებრივი აზრი პარლამენტში დააფიქსირონ და არა ქუჩაში:

"ის მუხტი საზოგადოებაში არ არის, რომ გამოვლენ ხან გაწვებიან რუსთაველზე ლეიბებით და ხან გადაკეტავენ ქუჩებს. მათ ზუსტად იციან, რომ ქვეყანაში ამის მოცემულობა და საფუძველი არ არსებობს. თუ ვინმეს აზრი გააჩნია სახელმწიფოებრივი, აგერ არის პარლამენტი და შეუძლიათ აქ დააფიქსირონ აზრი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, ის ნარატივი, რასაც ოპოზიცია იმეორებს, არ დგას იმ დღის წესრიგთან ახლოს, რასაც ქვეყნის განვითარება და საზოგადოება მოითხოვს. 

დღის ამბები