25 მაისი 2022,   10:05
ვრცლად
დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცული სოცაგენტების მოთხოვნები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  საინიციატივო ჯგუფს ხვდება

ამ წუთებში სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების 10 წევრიან საინიციატივო ჯგუფს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხვდება. რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა რეალური ამ ეტაპზე? - სოციალური აგენტები საკითხს, თამარ ბარკალაიასთან ერთად განიხილავენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტის ქეთი ნაზღაიძის თქმით, გაფიცული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 100% ზრდაა. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების მომატება 100%, ასევე კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და სოციალური აგენტებისთვის ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,"- აცხადებს ქეთი ნაზღაიძე.

სოლიდარობის ქსელის დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, იმედოვნებს, რომ შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის და საინტერესო შემოთავაზებას მოისმენენ. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში გაფიცვა გაგრძელდება. 

"იმედია დღეს გვექნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც ყველას მოგვეწონება. ჩვენ დემოკრატიული პროფკავშირები გვაქვს, ყველას ვეკითხებით აზრს, მე გადაწყვეტილებეს არ ვიღებ,"- აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, 400-ზე მეტი ადამიანი ხელფასების გაორმაგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს, ანაზღაურების 60%-იანი გაზრდა კი მათთვის მიუღებელია.

 

დღის ამბები