22 მაისი 2022,   17:09
ვრცლად
შეწყდეს ნატოს უსასრულოდ გაფართოება - სერგეი ლავროვის განცხადება ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ

ლავროვი-ბლინკენის 2 საათიანი შეხვედრა ჟენევაში დასრულებულია. მხარეებმა პირველი განცხადებებიც გააკეთეს.

როგორც აშშ-ის მდივანმა აღნიშნა, ეს არ იყო მოლაპარაკება, ეს იყო აზრების გაცვლა. მან ლავროვს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სწრაფ და მკაცრ პასუხს მიიღებენ.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაშიც გაიმეორა, რომ მათი პრინციპული მიდგომაა, შეწყდეს ნატოს გაფართოება. 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატოს უსასრულოდ გაფართოება უნდა შეწყდეს. 

"დღეს ჩვენ ძირითადად არგუმენტების გამეორება მოვისმინეთ, ალიანსებისა თუ სამხედრო კავშირების არჩევაში ნების თავისუფლების თაობაზე, თავის მხრივ კი, ჩვენც მოვიყვანეთ დიდი რაოდენობით დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავს ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოების მეორის ხარჯზე გაძლიერებას და გამოვთქვით პრინციპული მიდგომა, რომ შეწყდეს ნატოს უსასრულოდ გაფართოება. ბლინკენს და მის გუნდს ვთხოვეთ აეხსნათ ჩვენთვის, თუ როგორ უდგებიან ამ საკითხს.

დასავლეთი ცდილობს პროცესში უკრაინის საკითხი მთავარ საკითხად წარმოაჩინოს. თუმცა მომეჩვენა, რომ ჩვენი ახსნა-განმარტების შემდეგ, წუხილების შენარჩუნების მიუხედავად, თანამოსაუბრეები იმასაც მიხვდნენ, რომ საჭიროა ჩვენს შეთავაზებებზე კონცენტრაცია და დაგვპირდნენ კიდეც, რომ წერილობით პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე მომდევნო კვირას მოგვაწოდებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ მასში უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება ამა თუ იმ სახით ნახსენები იქნება, მაგრამ მე დღეს ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი იმისა, რომელიც ამ მხრივ ამერიკელების პოზიციას გაამყარებდა. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივანი აზრთა გაცვლით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ ეს მას დაეხმარება პასუხების მომზადებაში, მისი მიღების შემდეგ ჩვენს დონეზე მორიგ კონტაქტსაც ვგეგმავთ,"- აცხადებს ლავროვი.

დღის ამბები