16 მაისი 2022,   09:42
ვრცლად
გიორგი კალანდარიშვილი თუ თენგიზ თევზაძე - ვინ ჩაიბარებს საარჩევნო კომისიას 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტმა კანონმდებლებს უკვე გადაუგზავნა. მათ შორის არის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ვინ ჩაიბარებს საარჩევნო კომისიას დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე გადაწყვეტენ. 

დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატსაც. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის თენგიზ თევზაძეც იბრძვის, რომელიც არასამთავრობო სექტორში საარჩევნო თემატიკაზე მუშაობს. ამბობს, რომ დაგეგმილი აქვს რეფორმები, რომლის გატარების შემთხვევაში ინსტიტუტი საზოგადოების ნდობას დაიბრუნებს.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს მათი მხარდაჭერა არ ექნება. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, თენგიზ თევზაძის კანდიდატურაზე პარტიებში იმსჯელებენ. ამბობენ, რომ ექნება, თუ არა თევზაძეს ოპოზიციონერების მხარდაჭერა, შიდა კონსულტაციებით გადაწყდება.

კოლეგებისგან განსხვავებით, კენჭისყრის დღეს მოქმედი თავმჯდომარის მხარდაჭერას არ გამორიცხავენ "გირჩში". ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კონსულტაციები და დისკუსიები გაიმართება, ცნობილი გახდება მათი გადაწყვეტილებაც.

ოპონენტებისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ "ქართული ოცნების" ლიდერებს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი კრიტერიუმები პროფესიონალიზმი, საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა და გამოცდილება იქნება.

რა ვადით აირჩევენ კანონმდებლები "ცესკოს" თავმჯდომარეს იმაზეა დამოკიდებული, კენჭისყრის დღეს რამდენი მხარდამჭერის მობილიზება მოხდება სხდომათა დარბაზში. თუმცა მანამდე იქნება საკომიტეტო მოსმენები.  

დღის ამბები