28 მაისი 2022,   14:59
ვრცლად
23 მილიონ ავღანელს შიმშილობა ემუქრება - თალიბანი ნორვეგიაში მოლაპარაკებებს გამართავს

თალიბანის წარმომადგენლები, ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებთან პირველ ოფიციალურ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. დელეგაცია უკვე ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იმყოფება.

ნორვეგიის უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი შეხვედრები თალიბების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის აღიარებას არ ნიშნავს.

კონსულტაციები 23-დან 25 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. მოლაპარაკებებს ავღანეთისა და ნორვეგიის წარმომადგენლების გარდა, ასევე შეუერთდებიან აშშ-ს, ევროსაბჭოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ოფიციალური პირები. მხარეები ავღანეთში ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს.

გაეროს მონაცემებით, ამ ეტაპზე, შიმშილობა 23 მილიონამდე ავღანელს ემუქრება, მოსახლეობის 55%-ს. ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად მხოლოდ წელს, საჭირო იქნება 5 მილიარდი დოლარი დონორი ქვეყნებიდან.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან, თალიბებთან მოლაპარაკებების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აღნიშნულში იმ რეჟიმის ლეგიტიმიზაციას ხედავენ, რომელმაც ადამიანის უფლებები არაერთხელ დაარღვია.

დღის ამბები