19 მაისი 2022,   06:13
ვრცლად
ვის მხარდაჭერას აპირებს ოპოზიციის ნაწილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე - პარტიებში პოზიციებს უკვე მკაფიოდ აფიქსირებენ

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენას პარლამენტი მიმდინარე კვირას დაიწყებს. პირველი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება.

ოპოზიციის ნაწილი უკვე აცხადებს, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მათი მხარდაჭერა არ ექნება, რაც შეეხება თენგიზ თევზაძეს, ოპოზიციის ნაწილისთვის მისი კანდიდატურა მისაღებია.

"არის ამ სიაში დამოუკიდებელი კანდიდატიც, რომელსაც, ჩემი აზრით, კარგი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოვახერხოთ, რომ ოპოზიციაც და "ქართული ოცნებაც" შევჯერდეთ მის კანდიდატურაზე - ასეთია ბატონი თენგიზ ცერცვაძე. სწორედ ამ კანდიდატს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, რომ ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ის არის დამოუკიდებელი, კვალიფიციური, მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატი და "ქართული ოცნება" შეძლებს, გადალახოს პარტიული ინტერესი და შევჯერდებით ისეთი კანდიდატის ირგვლივ, რომელსაც ექნება მარალი ნდობა საზოგადოებისგან,"-აცხადებს ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

"სტრატეგია აღმაშენებელშიც" მკაფიოდ აცხადებენ, რომ მხარს თენგიზ თევზაძეს დაუჭერენ.

"კალანდარიშვილს, ხელისუფლების კანდიდატს ერთმნიშვნელოვნად არ დავუჭერთ მხარს. ჩვენი მხარდაჭერა ექნება მეორე კანდიდატს - ბატონ თენგიზს, თუმცა, გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება თავის კანდიდატს გაიყვანს,"-აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაიყვანს. 

"მოლოდინი მაქვს ძალიან კონკრეტული - ბატონი კალანდარიშვილის არჩევა მოხდება "ქართული ოცნების" მხრიდან იმისთვის, რომ შეინარჩუნონ სტატუს კვო ცესკოში. მათი ინტერესი არ არის ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატის დანიშვნა,"-აცხადებს ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა. 

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", უმრავლესობა გადაწყვეტილებას მოსმენების შემდეგ მიიღებს.

"პოზიცია არ მინდა წინასწარ დავაფიქსირო, მაგრამ კეთილსინდისიერებას, და ამ სფეროში მუშაობის კუთხით კანდიდატის გამოცდილებას ექნება ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები