19 მაისი 2022,   06:17
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე - დეპუტატებმა არჩევანი გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დეპუტატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბრძოლას იწყებენ, მიმდინარე კვირას მოუსმენს იურიდიული კომიტეტი გიორგი კალანდარიშვილს და თენგიზ თევზაძეს. ორივე კანდიდატი საკომიტეტო განხილვებზე საკუთარი ხედვის და კონკრეტული, სამომავლო გეგმის წარდგენას აპირებს. ამბობენ, რომ მზად არიან უპასუხონ ყველა იმ შეკითხვასაც, რომელიც მათი საქმიანობის შესახებ კანონმდებლებს ექნებათ.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკომიტეტო მოსმენებს ელოდება. ამბობენ, რომ აქვთ კითხვები და პასუხების მოსმენის შემდეგ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას თუ ვის დაუჭერენ მხარს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე. ოპოზიციის ამ ნაწილისგან განსხვავებით, მეორე ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ისინი ღიად ამბობენ, რომ მოქმედ თავმჯდომარეს მხარს არ დაუჭერენ.

მმართველი პარტიაც გადაწყვეტილების მისაღებად საკომიტეტო მოსმენებს ელოდება, თუმცა, უმრავლესობაში უკვე აქვთ ჩამოყალიბებული ის კრიტერიუმები, რაზე დაყრდნობითაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილება იქნება.

რა ვადით მოხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის ხმებს მოიპოვებენ კანდიდატები კენჭისყრის დღეს. თუ კანდიდატს პირველივე მოსმენაზე 100 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება, ის თანამდებობაზე 5 წლის ვადით დაინიშნება. იმ შემთხვევაში კი, თუ განმეორებით კენჭისყრაზეც 100-ზე ნაკლები კანონმდებლის ხმა დაფიქსირდება, დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვით აირჩევენ.

დღის ამბები