05 ოქტომბერი 2022,   06:31
ვრცლად
დაუბრუნდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას - პარტიის ოფისში თითქმის 5 საათიანი მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა

დაუბრუნდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას - ამ კითხვაზე პასუხი ისევ უცნობია. პარტიის ცენტრალურ ოფისში ენმ-ის წევრები დღეს თითქმის 5 საათის განმავლობაში უშედეგოდ მსჯელობდნენ. 

"ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე საათიანი კონსულტაციების შემდეგ, არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელებენ ისინი საკანონმდებლო საქმიანობას.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, ისინი გეგმავენ ხუთშაბათს კვლავ შეიკრიბონ ფრაქციის ფორმატში, გაცვალონ არგუმენტები და შესაძლოა, საბოლოო პოზიციაც ხუთშაბათს თქვან. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, ამ ეტაპზე პარტიაში თანხმდებიან, რომ ისინი უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კანონმდებლებთან ითანამშრომლებენ. 

პარტიის წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, დღეს ფრაქციის სრული შემადგენლობა ვერ შეიკრიბა და ხუთშაბათს კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა შედგება.

"რაც შეეხება როგორ გაგრძელდება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა, კიდევ უფრო საჭიროებს დაკონკრეტებას და კიდევ უფრო საჭიროებს სხვადასხვა დეტალების განხილვა. პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ფრაქციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩვენს დღევანდელ გაფართოებულ სხდომას, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ მათი გამოჯანმრთელების შემდეგ, ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ გაცილებით უფრო ფართო შემადგენლობით იყოს ფრაქცია წარმოდგენილი. ხუთშაბათს, ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ მსჯელობას," - ამბობს ხატია დეკანოიძე.  

 

 

დღის ამბები