11 აგვისტო 2022,   07:05
ვრცლად
"შიშით მოცული რეზოლუცია" - როგორ აფასებს ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად მმართველი ძალის მიერ შეთავაზებული ტექსტის შინაარსს

უკრაინის ელჩთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. დეპუტატებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ელჩს სრული მხარდაჭერა დაუფიქსირეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია, რომელიც მმართველმა ძალამ წარადგინა, არ ასახავს არც პოლიტიკური პარტიების ინტერესს და არც საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს სწორად.

ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გაგრძელდება მუშაობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ გადაიხედოს რეზოლუციის ტექსტი. 

"სამწუხაროდ მათგან მივიღეთ რეზოლუციის ტექსტი, სადაც ნახსენებიც კი არ არის რუსეთი. ჩვენ გავუზიარეთ ეს წუხილები უკრაინის ელჩს და მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს წუხილები არის ლეგიტიმური. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან ერთად, რომ რეზოლუციის ტექსტი შეიცვალოს და ასახული იყოს რეალურად მასში ისევე, როგორც უკრაინის ინტერესები. ამ ფორმით ამ ტექსტს, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის სახელით შემიძლია დადასტურებით გითხრათ, მხარს არ დავუჭერთ,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი ამბობს, ელჩთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია რეზოლუციის ის ვარიანტი, რომელიც "ქართული ოცნებას" აქვს, რადგან ეს ვარიანტი არ ახსენებს აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის პოზიციას, მისი განცხადებით, ეს არის "შიშით მოცული რეზოლუცია". 

"რეზოლუცია არის რუსეთის ფედერაციის ხსენების გარეშე, შიშით მოცული რეზოლუცია, ამ პროცესზე ძალიან გვინდოდა ჩვენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნების ელჩთან გვესაუბრა და ხაზი გაგვესვა, რომ ეს ტექსტი არ გამოხატავს არც ქართველი ხალხის და არც ოპოზიცის პოზიციას,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები