25 მაისი 2022,   19:42
ვრცლად
შურისძიება თუ იძულებითი მოგერიება - რა გახდა კახეთში თანასოფლელებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი

მორიგი სისხლიანი გარჩევა კახეთში. სოფელ კალაურში წლების წინ ოჯახებს შორის დაწყებული დაპირისპირება 16 წლის შემდეგ გაგრძელდა.

60 წლის გელა მღებრიშვილმა თანასოფლელი გოჩა ჩაღიაშვილი სანადირო იარაღით მოკლა. სოფლის ცენტრში იქ სადაც, სასიკვდილოდ გამეტებული ახალგაზრდის მისამართით სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლეს, სისხლიანი დაპირისპირების კვალი 24 საათის გასვლის შემდეგაც შესამჩნევია. 36 წლის მამაკაცი თავის არეში საკონტროლო გასროლით გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მოკლეს. სროლის ხმა ადგილობრივებმა ღამის საათებში გაიგეს.

მომხდარიდან მალევე, ადგილობრივებმა მკვლელობის მოტივად შურისძიება დაასახელეს. ამაზე საუბრის საშუალება კი, მათ მკვლელისა და მოკლულის ოჯახებს შორის წარსულში მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ მისცათ. შურისძიებაა მკვლელობის ერთადერთი ვერსია, მოკლულის ოჯახისთვისაც.

სოფელში მთავარ მოტივად შურისძიება დასახელდა, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა იძულებითი მოგერიების ვერსიაც. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მკვლელობაში ბრალდებულის სახლში თავად მივიდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

მკვლელობის მოტივად ადგილობრივის ამ ვერსიას განიხილავს დაკავებულის ადვოკატიც. მკვლელის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მომხდარი იძულებითი მოგერიება იყო და ამბობს, რომ ჩაღიაშვილი მღებრიშვილის სახლში მივიდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მკვლელი დანაშაულს აღიარებს, პოლიციას ჩაბარდა და მათ მკვლელობის იარაღიც გადასცა.

გოჩა ჩაღიაშვილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. დაკავებულ 60 წლის გელა მღებრიშვილს კი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები