25 მაისი 2022,   21:21
ვრცლად
არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს - კახა კალაძე ორხევში მიმდინარე სახლების დემონატაჟზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა სახელმწიფო მიწები დაიტაცოს.

კახა კალაძის თქმით, ნაგებობების მეპატრონეები თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ყველანაირად გაფრთხილებული იყვნენ.

"ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობა. თქვენ არაერთი კადრი იხილეთ ასეთი, რომ ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება.

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, როდესაც კახა კალაძე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი ამბობს, რომ ჩვენ უკანონო ქონებებს დავაკანონებთ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება. მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. სინამდვილეში ესენი არიან ისინი, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ფლობენ ბინებს დედაქალაქში.

რაც შეეხება უსახლკაროებს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდე ასეთი სტატუსმატარებელი გვყავს დედაქალაქში და უკლებლივ ყველა დაკმაყოფილდება. პროგრამა მომავალი თვიდან იწყება," - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ორხევის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექცია უკანონო მშენებლობებს ანგრევს. მერიის თანამშრომლები ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან.

მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი დემონტაჟის შესახებ ადგილობრივები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. მათივე თქმით, ქუჩაში არავინ არ დარჩება.

დღის ამბები