03 ივლისი 2022,   21:49
ვრცლად
3 დაჭრილი და 1 გარდაცვლილი ერთ ოჯახში - რა ვერსიები ვრცელდება ისანში მომხდარი საზარელი დანაშაულის მოტივზე

საზარელი დანაშაული თბილისში - 37 წლის გრიგოლ დოჩიას მეზობელი ოჯახის 4 წევრის დაჭრას ედავებიან, რომელთაგან 1 საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან ექსკლუზიური კადრები "კურიერმა" წუხელვე მოიპოვა. ყველაფერი მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. დეტალებზე"კურიერთან" დაკავებულის ოჯახის წევრები საუბრობენ.

დაკავებულს სხეულზე თავადაც აქვს მძიმე დაზიანებები, რომელიც მას მოწმეების თქმით კონფლიქტში მონაწილე პირებმა მიაყენეს. გამოძიება გრიგოლ დოჩიას წინააღმდეგ ორი მუხლით დაიწყო: განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ საქმეში სხვების ბრალეულობაც გამოიკვეთოს, რადგან გამოძიება უკვე ამოღებული აქვს ეზოში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, სადაც ჩხუბის დაწყების პირველივე წუთებია ასახული. სისხლიან გარჩევამდე მეზობლებს ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. ადგილობრივებისთვის მოულოდნელი იყო, "დირსის" საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრილი მამაკაცების დანახვა, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მათ შორის იყო ერთი არასრულწლოვანიც.

შემთხვევის ადგილას, საღამოს შვიდი საათისთვის ოჯახის 4 წევრი შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან 37 წლის მამაკაცი მივიდა. მათ შორის მალევე დაიწყო სიტყვიერი კამათი, კონფლიქტი დაჭრით და შუახნის მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა.

გრიგოლ დოჩია სამართალდამცველებმა მკვლელობიდან 2 საათში, თბილისში დააკავეს. ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ყავს. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ კადრებშიც ჩანს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს დაჭრილები გადაჰყვათ. ადგილობრივებს მოტივთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ, თუმცა ვრცელდება სხვდასხვა ვერსია, მათ შორის ის, რომ დაჭრილებმა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა სცადეს, თუმცა, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, ას მეტრში მათ მეზობელი დაეწია და ფიზიკურად გაუსწორდა.

დაპირისპირების კონკრეტულ მოტივზე "კურიერს" დაკავებული 37 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები უყვებიან. მათი ვერსია გავრცელებული ვერსიებისგან განსხვავებულია. მეუღლე ამბობს, რომ დაკავებული ბავშვებთან ერთად ეზოში სეირნობდა, ინციდენტში მონაწილე პირებმა კი მას 4 შვილის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ია გვარმიანის თქმით, სხეულზე დაზიანებები გრიგოლ დუჩიასაც აქვს. ქალი ამბობს, რომ დაჭრამდე ქმარს ხელკეტებით გაუსწორდნენ.

დაკავებული გრიგოლ დუჩია უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. მას იცავს ადვოკატი, რომელიც, ამ ეტაპზე, საქმის დეტალებზე არ საუბრობს. დაჭრილი მამაკაცები, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, კვლავ სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები