03 ივლისი 2022,   20:57
ვრცლად
"დირსში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა იწყება - ბრალი უკვე წაუყენეს ტაქსისტსა და დაკავებულის ნათესავს

ისანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე სასამართლო სხდომა ცოტა ხანში დაიწყება - დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდებული დუმს.

დღეს ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს ტაქსისტს და დაკავებულის ნათესავს, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცველებს და ნივთმტკიცება - ორი დანა მდინარეში გადაყარა.

მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა "დირსის" საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ოთხი მეზობელი დანით დაჭრა, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"ერთ-ერთ ბრალდებულს ჩხუბი მოუხდა 4 პირთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან, რა დროსაც მათ სხეულის სხვადასხვა არეში ორი დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით ტაქსში ჩაჯდა, მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცველებისათვის.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შემდეგ ბრალდებული ნათესავთან მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის ორი იარაღი - დანა აჩვენა. ბრალდებულის ნათესავმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველებს არ შეატყობინა და დანაშაულის დაფარვის მიზნით დანები მდინარეში გადაყარა," - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები