22 მაისი 2022,   18:35
ვრცლად
როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - "ვივამედის" დირექტორის განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს აუცილებელი კვლევები უკვე ჩაუტარდა

სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს, "ვივამედის" ხელმძღვანელობამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადის, მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა და ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები არიან ჩართულნი.

ექს-პრეზიდენტის ინტერესების დამცველების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის უცხოეთში გადაყვანას საჭიროებს. ეს მოთხოვნა აქვს სააკაშვილის დედასაც, რომელიც დღეს საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა. გიული ალასანია ამბობს, რომ საელჩო მზადაა პატიმარი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასაყვანად სპეციალური თვითმფრინავი გამოყოს.

ყოფილი პრეზიდენტის მონახულების მცდელობა დღეს ნიკოლოზ ყიფშიძესაც ჰქონდა, თუმცა, დაწესებულებაში სააკაშვილის პირადი ექიმი არ შეუშვეს. ისიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის საზღვარგარეთ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს.

უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნას დღეს მთვარობის მეთაურმაც უპასუხა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ მოთხოვნას არანაირი საფუძველი არ აქვს და ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს ვერც საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, ამაზე მსჯელობა შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დადასტურდება, რომ საქართველოში მისი მკურნალობის რესურსი არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკაში გუშინ დილით გადაიყვანეს, მას მეორე დღეა გამოკვლევები უტარდება. სამედიცინო დაწესებულებაში მიღებულია სპეციალური ზომებიც, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. 

დღის ამბები