29 ივნისი 2022,   01:45
ვრცლად
ამერიკელი სენატორები, რუსეთის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავენ

შეიყვანენ თუ არა რუსეთს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში? ამერიკელი სენატორები ამ საკითხს განიხილავენ. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ომის დანაშაულია და სწორედ მსგავს განსაზღვრას იმსახურებს. სენატორები ასევე იმასაც ფიქრობენ, რომ რუსეთის უკრაინაში გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველო და მოლდოვა, ქვეყნები, რომელთათვისაც რუსული აგრესია კარგად ნაცნობია.

"ამას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება, ამ საკითხზე მოკავშირეებთან უნდა ვილაპარაკოთ. რუსეთის საქციელი ამ განსაზღვრებას იმსახურებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ვპასუხობთ. ველოდები ადმინისტრაციის შეხედულების მოსმენას, თუ როგორი იქნება შედეგები, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და თითქმის მთლიანად წყვეტს რუსეთთან ნებისმიერ საქმიანობას და ურთიერთქმედებას. მათი ქცევა ამას ადასტურებს. ჩემი შეკითხვაა, თუ იქნება ეს საუკეთესო ნაბიჯი  სტრატეგიულად, ჩვენს პარტნიორებთან",- აცხადებს სენატორი დელავერის შტატიდან ქრის ქუნსი.

აშშ-ს სენატორი, კონექტიკუტის შტატიდან კრის მერფი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ტერორიზმის მსგავს მეთოდებს იყენებს.

" არ მგონია, შეკითხვა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ტერორიზმის მსგავს მეთოდებს იყენებს უკრაინაში მთავრობის დასაშინებლად და მიზანში ჰყავს სამოქალაქო პირები",- აღნიშნა კრის მერფმა.

სენატორი ბენ კარდინი იყო პირველი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, კონგრესში, საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხოების აუცილებლობის თემა წამოწია და ადმინისტრაციას ჰკითხა, როგორ ეხმარებოდა ამ ქვეყნებს იმისათვის, რომ მათ თავი დაეცვათ რუსული აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში. "კურიერმა" კარდინს ჰკითხა, ისევ თუ ხედავს რისკებს საქართველოსა და მოლდოვისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 80 დღის შემდეგ.

"ვფიქრობ, ისინი მართლაც რისკის ქვეშ არიან, თუმცა ახლა რუსეთი განსაკუთრებით ფოკუსირებულია უკრაინაზე და არ ვარ დარწმუნებული, ამ კონკრეტულ მომენტში, უკრაინიდან გადართვის სამხედრო შესაძლებლობა ჰქონდეს. მოლდოვა აშკარად ამ კამპანიის ცენტრშია და საქართველოც ძალიან მოწყვლადია. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი ქვეყანაზე თავდასხმისთვის ყოველგვარი პროვოცირების გარეშე მოემზადა. დიახ, წუხილი გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინას და რუსეთს შორის საკითხი, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, რაც მათ გააკეთეს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებით და ხალხის სურვილის წინააღმდეგ, რუსეთში დეპორტაციით და ამისთვის პასუხი უნდა აგონ",- განაცხადა ბენ კარდინმა.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გერმანიაშია და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრება. მისმა მოადგილემ, ევროპის და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაადასტურა "კურიერთან" გაჟღერებული ვაშინგტონის პოზიცია, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას და იცავენ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა, განისაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების პოლიტიკა. ალიანსის სამიტი მადრიდში, ივნისის ბოლოს იმართება და როგორც რამდენიმე დღის წინ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა , ღია კარის პოლიტიკა, კიდევ ერთხელ დადასტურებული იქნება.

დღის ამბები