29 ივნისი 2022,   01:53
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში 2 500 რეზერვისტის გაგზავნას გეგმავს

უკრაინაში ომის 82-ე დღე იწყება. რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს სევერო-დონეცკის საავადმყოფოზე. დაშავდა 9 ადამიანი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სევერო-დონეცკიდან ლუგანსკის ოლქისკენ მიმავალი საევაკუაციო ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნის შესახებაც. ღამით აფეთქების ხმა ისმოდა მიკოლაევში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში 2 500 რეზერვისტის გაგზავნას გეგმავს. ოკუპანტებმა 23 დასახლება დაბომბეს დონბასში. სუმის რეგიონში კი ხიდი გაანადგურეს.

რთული ვითარებაა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაში. ლეგიონ "აზოვის" მეთაურის ინფორმაციით, ომის პერიოდში ქარხანაში 15 ქალი დაიღუპა.

რუსულენოვან არხთან "ნასტაიაშიე ვრემიასთან" ინტერვიუში, "აზოვსტალში" არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა "აზოვის" ლეგიონის მებრძოლმა. მისი თქმით, დაჭრილია რამდენიმე ასეული ადამიანი, მათგან 50-მდე მებრძოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"ვითარება "აზოვსტალში" ისევ კრიტიკულად რთულია. სამწუხაროდ, ქარხნის ტერიტორიაზე თავდასხმა გრძელდება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი დაჭრილია. იმის გამო, რომ ჩვენს ექიმებს არ აქვთ ნორმალური მედიკამენტები და საშუალებები დაჭრილთა სამკურნალოდ, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ჩვენ ვზღუდავთ წყლის გამოყენებას, ამიტომ ვსვამთ ასე ცოტას: დღეში ერთ ან ორი ჭიქას. საკვებისა და წყლის მხრივ, ვფიქრობ, დაახლოებით ხუთი დღე დარჩა, შეიძლება კვირაც. ვზოგავთ საკვებსაც და ამიტომ დღეში ერთხელ ვიკვებებით.

"აზოვსტალის" დატოვების ბრძანებაც რომ ყოფილიყო, ეს უბრალოდ შეუძლებელია. დანებება სუიციდია. ამიტომ, ასეთ ბრძანებას არავინ გვაძლევს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი მთავრობა როგორმე შეთანხმდება და ჩვენ მოვახერხებთ მარიუპოლიდან გამოსვლას.

ჩემი სუბიექტური აზრით, თურქეთის ჩართულობა საუკეთესოა, რადგან ის არის უახლოესი ქვეყანა, რომელიც უკვე დათანხმდა ევაკუაციისთვის გემის უზრუნველყოფას," - განაცხადა "აზოვის" მებრძოლმა დმიტრი კოზაცკიმ.

დღის ამბები