02 ივლისი 2022,   18:38
ვრცლად
"ვზღუდავთ წყლის გამოყენებას, საკვებისა და წყლის მხრივ, ვფიქრობ, დაახლოებით ხუთი დღე დარჩა, შეიძლება კვირაც, ამიტომ დღეში ერთხელ ვიკვებებით"​ - "აზოვის" მებრძოლი

უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში. ლეგიონ "აზოვის" მეთაურის ინფორმაციით, ომის პერიოდში ქარხანაში 15 ქალი დაიღუპა.

აზოვსტალში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა რუსულენოვან არხთან "ნასტაიაშიე ვრემიასთან" ინტერვიუში, აზოვის ლეგიონის ერთ-ერთმა მებრძოლმა. დმიტრი კოზაცკის თქმით, დაჭრილია რამდენიმე ასეული ადამიანი, მათგან 50-მდე მებრძოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"ვითარება "აზოვსტალში" ისევ კრიტიკულად რთულია. სამწუხაროდ, ქარხნის ტერიტორიაზე თავდასხმა გრძელდება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი დაჭრილია. იმის გამო, რომ ჩვენს ექიმებს არ აქვთ ნორმალური მედიკამენტები და საშუალებები დაჭრილთა სამკურნალოდ, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ჩვენ ვზღუდავთ წყლის გამოყენებას, ამიტომ ვსვამთ ასე ცოტას: დღეში ერთ ან ორი ჭიქას. საკვებისა და წყლის მხრივ, ვფიქრობ, დაახლოებით ხუთი დღე დარჩა, შეიძლება კვირაც. ვზოგავთ საკვებსაც და ამიტომ დღეში ერთხელ ვიკვებებით.

"აზოვსტალის" დატოვების ბრძანებაც რომ ყოფილიყო, ეს უბრალოდ შეუძლებელია. დანებება სუიციდია. ამიტომ, ასეთ ბრძანებას არავინ გვაძლევს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი მთავრობა როგორმე შეთანხმდება და ჩვენ მოვახერხებთ მარიუპოლიდან გამოსვლას.

ჩემი სუბიექტური აზრით, თურქეთის ჩართულობა საუკეთესოა, რადგან ის არის უახლოესი ქვეყანა, რომელიც უკვე დათანხმდა ევაკუაციისთვის გემის უზრუნველყოფას," - განაცხადა "აზოვის" მებრძოლმა დმიტრი კოზაცკიმ.

დღის ამბები