07 ივლისი 2022,   07:42
ვრცლად
გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა - ნიკა მელია

"მთავარი არხის" დამფუძნებლის და დირექტორის დაკავების შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედია მენეჯერები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. განხილვის მთავარი თემა ნიკა გვარამიას დაკავება და ამასთან დაკავშირებული გეგმები იყო.

ოპოზიციური სპექტრის განცხადებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ფუნქციონირება განაგრძოს "მთავარმა არხმა". მმართველი გუნდის ოპონენტები, პროტესტის გამოსახატად აქციებსაც აანონსებენ. ასევე, ამბობენ, რომ შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგეს მათი საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხიც.

"შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს. აქციები იქნება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები "ქართული ოცნებისთვის,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკის თქმით კი, ერთადერთი რამ, რაც "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს, პარლამენტის დატოვებაა. მისივე თქმით, ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები