07 ივლისი 2022,   08:52
ვრცლად
რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, "აზოვის პოლკი" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

მაისის ბოლოს, რუსეთის უზენაესი სასამართლო   უკრაინის "აზოვის" პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისა და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას განიხილავს,- ამის შესახებ  რუსეთის იუსტიციის უწყებაზე დაყრდნობით "ინტერფაქსი" იტყობინება.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, "უკრაინული გასამხედროებული ნაციონალისტური გაერთიანება აზოვის ტერორისტულ ორგანიზაციას ცნობის და რუსეთის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ ადმინისტრაციული საქმის განხილვა, ჩანიშნულია 26 მაისს, მოსკოვის დროით 10 საათზე, რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში."

ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის უზენაესი სასამართლოც და აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურის სარჩელი დახურულ რეჟიმში განიხილება.

ამის პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მარიუპოლის დამცველი "აზოვის" პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ, მათი თქმით, "აზოველები" სასამართლოს წინაშე უნდა  წარდგნენ.

რუსეთის დუმის წევრი, ლეონიდ სლუცკი კი დეპუტატებს სთავაზობს, გამონაკლისი შემთხვევის სახით, სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმი გააუქმონ და უკრაინელი სამხედროები სიკვდილით დასაჯონ.

წუხელ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო და ასევე 211 ჯარისკაცი, რომლებიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იქნენ გადაყვანილი. გენშტაბის თანახმად, უკრაინელ ჯარისკაცებს უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე "გაცვლის პროცედურით" დააბრუნებენ​.

მარიუპოლში
"აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი", ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარედახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 

დღის ამბები