12 აგვისტო 2022,   06:15
ვრცლად
"ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან, გავაგრძელოთ ამ გზაზე მხარდაჭერა რესურსებით" - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და მისი ამოცანა საქართველოს მხარდაჭერაა - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნედ პრაისმა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების საჭიროებაზე.

მისივე თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.

"ჩვენ ძალიან მკაფიო და გულწრფელი ვართ ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის საყრდენების გაძლიერების განგრძობად საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში და მსოფლიოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში.

ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში ვერ ახდება.

მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი ათწლეულის განმავლობაში. ამას ბევრი შრომა, მოთმინება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან, გავაგრძელოთ ამ გზაზე მხარდაჭერა რესურსებით, ხელმძღვანელობით, ხშირ შემთხვევაში პირდაპირი მხარდაჭერით. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან," - განაცხადა ნედ პრაისმა. 

დღის ამბები