29 ივნისი 2022,   20:44
ვრცლად
მიიღებენ თუ არა ფინეთსა და შვედეთს ნატოში - თურქეთი წინააღმდეგია, თუმცა აყენებს პირობას, რა შემთხვევაშიც ვეტოს არ გამოიყენებს

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პუტინის კარზე კვლავ მიაკაკუნა. რუსეთის საზღვართან მალე კიდევ უფრო მეტი ნატო იქნება. ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია. სამხედრო ალიანსში გაწევრიანების განაცხადი ქვეყნების ელჩებმა ნატოს შტაბ-ბინაში მიიტანეს და ალიანსის მაღალჩინოსანს პირადად გადასცეს.

საშინაო დავალება შესრულებულია, ახლა ჯერი ნატოელების კონსესუსზეა. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრობის მსურველებს უთხრა, რომ მათი სამხედრო გაერთიანებაში გაწევრიანება საერთო უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

განაცხადი გააკეთეს, ბრიუსელიც თანახმაა, მაგრამ შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანება შესაძლოა არ მოხდეს. მიზეზი კი ოფიციალური ანკარის ურყევი პოზიციაა- პრეზიდენტი ერდოღანი თვლის, რომ ჩრდილოეთის ქვეყნები ტერორისტებს მფარველობენ, შესაბამისად ჰელსინკისა და სტოკჰოლმის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. თურქეთი ვეტოს უფლებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ გამოიყენებს, თუ ფინეთი და შვედეთი ქურთების მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს და ანკარას სანქციებს მოუხსნის.

ნატოს პოტენციურმა წევრებმა დაპირება უკვე მიიღეს, რომ ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანდებიან. ორი კვირაა საჭირო, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა პროტოკოლს ხელი მოაწერონ. ბოლოს კი 30-ვე ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტმა რატიფიცრება უნდა მოახდინოს. შვედეთსა და ფინეტში NATO-ში გაწევრიანების შესახებ საუბრები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ამ ქვეყნებმა სამხედრო მიუმხრობლობის ნაცვლად, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ალიანსში გაწევრიანება არჩიეს.

ფინეთს აგრესორ სახელმწიფოსთან 1300 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ნატოს მალე რუსეთის ჩრდილოეთის დედაქლაქ პეტერბურგამდე სულ რაღაც 200 კილომეტრი დააშორებს. ქვეყანაში 280 000 შეიარაღებული ჯარისკაცი და 900 000-მდე რეზერვისტია. სამხედრო ბიუჯეტი 5.8% შეადგენს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა.

სამხედრო ალიანსის მორიგი გაფართოების ისტორია შესაძლოა, მალე მადრიდში დაიწეროს. ივნისის ბოლოს ესპანეთში ნატოს მომდევნო სამიტი უნდა ჩატარდეს, სადაც შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების კარი კიდევ ორ ქვეყანას გაუღონ.

დღის ამბები