01 ივლისი 2022,   11:08
ვრცლად
ჯო ბაიდენი, შვედეთის და ფინეთის ლიდერებს თეთრ სახლში შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, შვედეთის პრემიერ-მინისტრს და ფინეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ ეს "მნიშვნელოვანი დღეა". ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ქვეყნები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მალე გაწევრიანდებიან.

"დღეს მე სიამაყით მივესალმები და ვუდასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორ დიდ დემოკრატიულსა და ორ ახლო, მაღალკვალიფიციურ პარტნიორს, რათა შეუერთდნენ ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხი. ნატო-ში ახალი წევრების მიღება არც ერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს. არასდროს ყოფილა ასე. ნატო-ს მიზანია აგრესიის წინააღმდეგ დაცვა. აგრესიის წინაშე ნატო არ შესუსტებულა და არ დაყოფილა, ის გაძლიერდა და უფრო ერთიანი გახდა," - განაცხადა ბაიდენმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ - შვედეთისთვის წყალგამყოფი იყო და აღნიშნა რომ შვედეთს მოკავშირეების მხარდაჭერისა და სწრაფი რატიფიკაციის იმედი აქვს.

"გასული თვეების განმავლობაში ჩვენ საუკეთესოდ ვაჩვენეთ ტრანსატლანტიკური ერთობა და ძალა. ჩვენ ერთად ძლიერად ვუპასუხეთ რუსეთის აგრესიას და უზრუნველვყავით უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის. რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია სუვერენული და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ იყო წყალგამყოფი მომენტი შვედეთისთვის. ჩემი მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ შვედეთის მოსახლეობის უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული ნატო-ს ალიანსში. ყველა მოკავშირის ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი წევრობის სწრაფი რატიფიკაციის იმედი გვაქვს," - თქვა ანდერსონმა.

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე ამბობს, რომ ფინეთი, ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად, მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით.

"24 თებერვალს ნიღბები ჩამოიხსნა და ჩვენ მხოლოდ ომის ცივ სახეებს ვხედავთ. რუსეთის ომმა უკრაინაში შეცვალა ევროპისა და ჩვენი უსაფრთხოების გარემო. ფინეთი დგამს ნაბიჯებს ნატო-ს წევრობისკენ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლადაც. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს ვინმესთვის. ამასთანვე, არ უნდა დგავავიწყდეს, რომ ამჟამად მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, არამედ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ფინეთი, ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად, მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით," - აცხადებს ნიინისტე.

 



დღის ამბები