01 ივლისი 2022,   10:53
ვრცლად
შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების თარიღი იცვლება - ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეფასებები

შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების თარიღი იცვლება - ცვლილებებები უმრავლესობს დეპუტატების ინიციატივით საარჩევნო და ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსებში შედის. პროექტის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატს საქმიანობის დაწყება ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს შეეძლება და მისი უფლებამოსილების ცნობას საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება. ცვლილებების განხილვა კომიტეტებში პირველი მოსმენით უკვე დაიწყეს.

ოპოზიციას პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად საკრებულოში ორმაგ სტანდარტს მივიღებთ.

"ეს ცვლილებაც ვიცი, რატომაც აკეთებენ ამას, უნდათ რომ ლეგიტიმაცია მიანიჭოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შემოაქვთ აქ არსებულიდან განსხვავებული წესი. ჩვენ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, როდესაც გარკვეული დეპუტატების რაოდენობას საკრებულოში ექნება უფლებამოსილება დამტკიცებული საკრებულოს მიერ, გარკვეულის კი იქნება ცესკოს მიერ," - თქვა მანჯგალაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობა არ შეფერხდეს.

"ეს წესი არსებობს უკვე საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, როდესაც მერების არჩევნები ხდება, სწორედ მერის უფლებამოსილება ამ პრინციპით შედის ძალაში,მე-11 დღეს ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან. ეს იმას ნიშნავს, როდესაც მაჟორიტარული წესით, პირდაპირ ირჩევს საზოგადოება ამა თუ იმ პიროვნებას საკრებულოში, არ შეფერხდეს მისი მუშაობის და ფუნქციონირების დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები