05 ივლისი 2022,   16:29
ვრცლად
"დაიწყნარეთ ნერვები, ასეთი სისულელეების მოსმენა როგორ შეიძლება, სიტყვები გააკონტროლეთ" -  ანრი ოხანაშვილი მიხეილ დაუშვილს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ანრი ოხანაშვილმა და მიხეილ დაუშვილმა იკამათეს. განხილვის საგანი, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებება.

მმართველი გუნდის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობა არ შეფერხდეს, ოპოზიციას კი პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, განაცხადა:

"სენაკის მცხოვრებლები, ბოდიში, ფეხებზე გკიდიათ, გაღელვებთ ბათუმის მცხოვრებლები" - დაუშვილს ამ განცხადების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა:

"ბატონო მიხეილ, მეტი კორექტულობა გმართებთ. თავს კონტროლი გაუწიეთ. იმის უფლებას ნუ მისცემთ თქვენს თავს, რისი უფლებაც ჩვენ არ მოგვიცია თქვენთვის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ამაზე ოხანაშვილს მიხეილ დაუშვილმა უპასუხა:

"თუ მართლა გაღელვებთ სენაკის მცხოვრებლების პრობლემები, ორი გზა არსებობს - ამ კანონს კი ნუ იღებთ და კანონმდებლობას საკუთარ თავზე კი ნუ ირგებთ, მობრძანდით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ბათუმის საკრებულოში რომ თქვენ დღეს უმრავლესობა გაქვთ, ეს გადის შანტაჟზე, მოსყიდვაზე და იძულებაზე, ვგულისხმობ თავდგირიძეს, მეორე მხრივ, გადის ადამიანის სიკვდილზე," - განაცხადა დაუშვილმა.

დაუშვილის ამ განცხადებას, ისევ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ დაუშვილს არ აქვს მორალური უფლება კანონის უზენაესობაზე ისაუბროს მაშინ, როდესაც მისი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობიდან კანონდამრღვევისთვის კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო წავიდა:

"ისეთ ბრალდებას აყენებთ ისეთი არასერიოზულობით და ომახიანად, რა დაგემართათ? დაიწყნარეთ ნერვები და მშვიდად ისაუბრეთ. რა ადამიანის სიკვდილს გვაბრალებთ, გააკონტროლეთ თქვენი ემოცია. ასეთი სისულელეების მოსმენა როგორ შეიძლება? სიტყვები გააკონტროლეთ!

ასე ომახიანად საუბრის უფრო მეტი მორალური უფლება საიდან, როდესაც თქვენი გუნდი კანონდამრღვევისთვის კანონის უზენაესობის არაღსრულების გამო წავიდა საპარლამენტო უმრავლესობიდან? ამის მერე რომ თქვენ ასე ომახიანად საუბრობთ, ძალიან უხერხული უნდა იყოს,"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. 

შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების თარიღი იცვლება - მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატს საქმიანობის დაწყება ცესკოს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11-ე დღეს შეეძლება და მისი უფლებამოსილების ცნობას საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება.

ცვლილებების განხილვა კომიტეტებში პირველი მოსმენით უკვე დაიწყეს.

დღის ამბები