25 ივნისი 2022,   03:16
ვრცლად
მორიგი სრული ბოდვა და ბინძური პროპაგანდა, მესმის გაწბილებულები არიან, მეორე ფრონტი რომ ვერ მიიღეს და ვერც მიიღებენ - ღარიბაშვილი ანდრეი ერმაკის განცხადებაზე

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო, რასაც ხელისუფლება არასდროს დაუშვებს.

"ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი და სურვილი იყო, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. მეორე - ბატონი არესტოვიჩი თუ არ ვცდები, გამოვიდა და თქვა, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში იგი წავიდოდა ომზე რუსეთთან, ანუ ქვეყანას შესწირავდა მათ ამ სურვილს და რა თქმა უნდა, ეს ვერ მიიღეს და ვერ მიიღებენ ვერასოდეს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენმა ხალხმა ყველაზე მეტად იცის ომის ფასი, ჩვენ სამჯერ ვიომეთ უკვე 30 წლის განმავლობაში და ათასი უბედურება დაემართა ქვეყანას, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ. ეს არის რეალობა, რომელიც არის შექმნილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის განცხადებაზეც, სადაც ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ საქართველო იმ შავ სიაში მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს რისკი, რომ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრეი ერმაკის განცხადებას სრული ბოდვა და ბინძური პროპაგანდა უწოდა:

"მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა და ბინძური პროპაგანდა - სხვა რა შეიძლება ითქვას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საჯაროდ, რომ ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მე პირადად ვთქვი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკაა და ჩვენ გვაქვს მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან და ამაზე არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს, მით უმეტეს არცერთი მტკიცებულება და ფაქტი არ წარმოუდგენია უკრაინულ მხარეს. ეს რაზე მიუთითებს, რაზეც მე გითხარით, მესმის რომ არიან გაწბილებულები, რომ ვერ მიიღეს მეორე  ფრონტი და ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები