25 ივნისი 2022,   02:33
ვრცლად
მოხსნეს თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამიდან - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე შტატებში სავარაუდოდ აღარ წავა

ამერიკის საელჩოს განმარტებას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იმ პროგრამასთან დაკავშირებით ელოდება, რომელიც ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე, პროექტის მონაწილეთა სიაში აღარ არის.

ოფიციალურ განცხადებას საელჩო არ აკეთებს, არაოფიციალურად კი დიპლომატიურ უწყებაში განმარტეს, რომ პროგრამის მონაწილეების შერჩევასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე ახსნა-განმარტება არ კეთდება. თუმცა კეთდება განცხადებები პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის ნაწილი ამას პირდაპირ უკავშირებს გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, ნაწილი კი ამ მოსაზრებას სრულად არ იზიარებს.

მმართველ გუნდში გამორიცხავენ, რომ მონაწილეთა სიიდან მოსამართლის ამოღება მის მიერ განხილულ საქმეს განეპირობებინა.

"ქართული ოცნების" წევრები, ყურადღებას სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებაზე ამახვილებენ, რაც მათივე თქმით, შტატების მთავარი ღირებულებაა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ამ საკითხზე საკუთარი განცხადებებით ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს და ქვეყნის რეპუტაციას უქმნის საფრთხეს.

ნიკა გვარამიას საქმეზეც და სასამართლოში არსებულ ვითარებაზეც, პრემიერმა დღეს მედიასთან ვრცლად ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კანონის უზენაესობაზე და იმაზე, თუ რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში.

ლაშა ჩხიკვაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეს განიხილა და მისი გადაწყვეტილებით მთავარი არხის დირექტორს 3 წლით და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა.

დღის ამბები