25 ივნისი 2022,   02:08
ვრცლად
რუსულმა ძალებმა ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდეს - უკრაინის გენშტაბი

რუსულმა ძალებმა ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე განცხადებით, მიზანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის თქმით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ არსებობს.

"მტერი განაგრძობს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ არსებობს.ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, განადგურდა ხუთი ტანკი, ოთხი საარტილერიო სისტემა, ათი ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის ორი მანქანა. საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ჩამოაგდეს ორი საკრუიზო რაკეტა, ხოლო თავდასხმითმა თვითმფრინავმა გაანადგურა მტრის სამხედრო ტექნიკის თორმეტი ერთეული." - განაცხადა სტუპუნმა.

რუსეთის მხარე კი ოდესის პორტში საწვავის საცავის განადგურებაზე საუბრობს. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსულმა ძალებმა ჟიტომირის რეგიონში დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის მნიშვნელოვანი საცავი გაანადგურეს.

"ჟიტომირის რეგიონის სარკინიგზო სადგურ მალინის მახლობლად, მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებმა გაანადგურეს დიდი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რომელიც მიწოდებული იყო აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან. რუსეთის სამხედრო ძალების საჰაერო, მაღალი სიზუსტის რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინელი ნაციონალისტების ჯავშანტექნიკის საწვავის საცავი ოდესის მახლობლად. გარდა ამისა, საჰაერო, მაღალი სიზუსტის რაკეტებმა დაარტყეს სამ სამეთაურო პუნქტს." - აცხადებს კონაშენკოვი.

დღის ამბები