25 ივნისი 2022,   01:56
ვრცლად
„ჩვენი მოქალაქეების სტრასბურგში მიმართვიანობა, ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი, სტატისტიკა ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა, უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობებს იძლევა“- ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. 

მისი თქმით, სტატისტიკა იმის ინდიკატორია, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ასე გამალებით ებრძვის, გახდა საქართველოში ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობებს. 

"მსურს, შევეხო ჩვენი მოქალაქეების სტრასბურგში მიმართვიანობას, რაც ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი. 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი განიხილება, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში, საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის, საქართველოდან ევროპულ სასამართლოს 2009-12 წლებში,  დაახლოებით 3000-დან 4000-მდე საჩივრით მიმართავდნენ. ჩვენ კი, ამ სტატისტიკით, ცენტრალურ და აღმოსავლურ სახელმწიფოებს შორის, საქართველო საუკეთესო ოთხეულშია - ჩეხეთის, სლოვენიისა და ესტონეთის გვერდით. ჯამში კი, უსწრებს ევროპის საბჭოს 25, მათ შორის ევროკავშირის 14 სახელმწიფოს. ეს სტატისტიკა იმის ინდიკატორია, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ასე გამალებით ებრძვის, გახდა საქართველოში ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობებს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

რაც შეეხება მიხეილ სარჯველაძეს, მან ოპოზიციას მიმართა და უთხრა, რომ შემჩნეულები არიან იმაში, რომ ყოველთვის, სადაც ფაქტებში უჭირთ, აღქმები შექმნან, რაც მისივე თქმით, მათი ოპონენტების დაავადებაა: 

"ოპოზიციას დღეს მართლაც უჭირს იმის გამო, რომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის მათ სათქმელი არაფერი აქვთ. ასეთია მოცემულობა. დიდი ხანია ოპოზიცია შემჩნეულია იმაში, რომ ყოველთვის, სადაც ფაქტებში უჭირთ, აღქმები შექმნან, ეს არის მთავარი დაავადება, რომლითაც დღეს დაავადებულია ჩვენი ოპოზიცია",- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები