29 ივნისი 2022,   19:14
ვრცლად
სააკაშვილი "ვივამედში" დამოუკიდებელ ექსპერტებს ელოდება - სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე "ვივამედში" დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას ელოდება. სპეციალისტებმა ყოფილ პრეზიდენტს სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადონ. ექიმების ვიზიტის მოლოდინში არიან ”ნაციონალურ მოძრაობაშიც”, სადაც მსგავსად სააკაშვილის დედისა, ფიქრობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ყველამ მიატოვა. კონკრეტულად, ვის გულისხმობენ გიული ალასანია და პარტიის წარმომადგენლები, ჯერ უცნობია.

ამ ბრალდებას სახელისუფლებო გუნდში არასერიოზულად აღიქვამენ, ამბობენ, რომ სააკაშვილის მკურნალობისთვის პენიტენციური სამსახური ყველა შესაბამის ნაბიჯს დგამს.

კლინიკაში მიმდინარე მკურნალობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და ოჯახის წევრები მთავარ მოთხოვნად, ჯერ კიდევ პატიმარი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ასახელებენ. ამბობენ, რომ საქართველოში მსჯავრდებულ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ ეწევა. მათ ამ მოთხოვნას სპეკულაციას უწოდებენ ”ქართულ ოცნებაში”.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყო ის მთავარი თემა, რაზეც, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ იუსტიციის მინისტრს კითხვები დაუსვა. რატი ბრეგაძე პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში ნაციონალურმა მოძრაობამ დაიბარა და წესით, მას მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულების უფლებრივ მდგომარეობაზე უნდა ესაუბრა. თუმცა საბოლოოდ ყოფილი პრეზიდენტის საკითხი პარლამენტში ხმაურის, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისა და პოლიტიკური ბრალდებების მიზეზიც გახდა.

რატი ბრეგაძის ინტერპელაცია პარლამენტში თითქმის სამ საათს გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის მიმართებით დასმულ შეკითხვებსაც და თქვა, რომ სააკაშვილს მისი სტატუსი სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს.

მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში რუსთავის ციხიდან 12 მაისს გადაიყვანეს. მას მეორე კვირაა გამოკვლევები უტარდება. სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები