29 ივნისი 2022,   00:53
ვრცლად
სისხლიანი გარჩევის ექსკლუზიური დეტალები და ბრალდებულთა ჩვენებები - "კურიერმა" გლდანის ხევში მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მოტივი გაარკვია

მკვლელობა ფულის გამო - "კურიერმა" გლდანის ხევში 29 წლის კახა მახარაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივი გაარკვია. 

მახარაძის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულებმა დანაშაულის იარაღი და სისხლიანი ტანსაცმელი გადაყარეს. მტკიცებულებების განადგურება მოკლულის ნათესავმა სცადა, თუმცა გამოძიებამ მთავარი მტკიცებულებები ურნიდან ამოიღო. სავარაუდოდ, კამერებმა ჩაიწერეს, როგორ ცდილობდნენ ბრალდებულები მძიმე დანაშაულისგან თავის დახსნას.

სისხლიანი გარჩევა გლდანის ხევში, კახა მახარაძის კორპუსთან მოხდა. გამოძიებით დგინდება, რომ მახარაძის ახლო ნათესავი სამ მეგობართან ერთად, საქმის გასარჩევად მივიდა, კახა მახარაძე სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს და დანით მოკლეს.

მომხდარის სავარაუდო მოტივი სოლიდური თანხაა, რომელიც მახარაძეების ნათესავის სახლიდან დაიკარგა. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ დაკარგული ფულის საფუძველზე დაიწყო წლების წინ კონფლიქტი. ამ ვერსიას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებს, რომელიც ამავდროულად მოკლულის ნათესავია.

"კურიერმა" ბრალდებულ კ.მ-ს ჩვენება მოიპოვა, სადაც სწორედ იმ თანხაზეა საუბარი, რომლის გამოც უთანხმოება დაიწყო და მკვლელობით დასრულდა:

"ჩემი და კახა მახარაძის ნათესავის სახლიდან დაიკარგა თანხა, დაახლოებით 30 000 ლარამდე. თანხის მფლობელს ეჭვი ჰქონდა, რომ ის კახა მახარაძემ წაიღო. აქედან გამომდინარე, მეც რამდენჯერმე მქონდა კახა მახარაძესთან უსიამოვნო საუბარი. ვერ მოვახერხე კახა მახარაძის დაწყნარება და დასახმარებლად მივმართე ჩემს მეგობარ დავით მინასოვს, მეტსახელად ბალუს. შევთანხმდით, რომ მაგრად უნდა ეცემათ მახარაძე “ბალუს“ და შალვა ჭამიაშვილს. გლდანულაში წავიღეთ ხელკეტები და ნიღბები, ისინი გადავიდნენ მანქანიდან, მე დავრჩი. დაახლოებით 10 წუთში გავიგე 4-5 გასროლის ხმა, ამის შემდეგ შალვა ჭამიაშვილი და დავით მინასოვი 2 წუთში მანქანასთან მოვიდნენ და ადგილი დავტოვეთ. ბალუს ვიზუალურად არ ეტყობოდა, მაგრამ იყო დაჭრილი,"- წერია ჩვენებაში.

"კურიერმა" კიდევ ერთი ბრალდებულის, 18 წლის შალვა ჭამიაშვილის ჩვენება მოიპოვა, რომელიც გლდანის ხევში სისხლიანი გარჩევის დეტალებს იხსენებს.

"კახა მახარაძეს მინასოვმა არაფრის თქმა არ აცალა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, რომელიც მაშინვე წაიქცა ასფალტიან ზედაპირზე. წამიერად ატყდა სროლა, მოჩხუბრებს კახა მახარაძეს და დავით მინასოვს ჩავურბინე გვერდით, რა დროსაც დავინახე წაქცეულ კახა მახარაძეს როგორ ურტყამდა დანას ფეხზე მდგომი დავით მინასოვი.... დავით მინასოვს სისხლიანი დანა ეჭირა ხელში და იძახდა, დავჩეხეო. ასევე თავადვე თქვა, რომ დაჭრილი იყო და ხელს იკიდებდა გულის მხარეს. მანქანაში იყო პანიკური სიტუაცია, მძღოლმა სწრაფად გაგვარიდა შემთხვევის ადგილიდან,"- აღნიშნულია  შალვა ჭამიაშვილის ჩვენებაში.

დავით მინასოვი, დაკავებულებიდან ერთადერთია, ვისაც მკვლელობის ბრალი აქვს წარდგენილი. ის სისხლიანი გარჩევის დროს, გარდაცვალებამდე კახა მახარაძემ დაჭრა. ბრალდებული უგონო მდგომარეობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დაჭრილ ბრალდებულთან კომუნიკაცია არ ქონია, თუმცა მის უდანაშაულობას ადვოკატი ამტკიცებს.

დანარჩენ სამ ბრალდებულს დღეს სასამართლოში არაფერი უთქვამთ. მხოლოდ მათი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დაკავებულები გირაოთი უნდა გაეშვათ, თუმცა მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. სამ პირს, მათ შორის მოკლულის ნათესავს დანაშაულის შეუტყობინებლობას და ორგანიზებას ედავებიან.

გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაკავებულებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ.

29 წლის კახა მახარაძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა, 11 აგვისტოს დაიწყება.

დღის ამბები