25 ივნისი 2022,   03:09
ვრცლად
თუ ვეტოსთან ერთად შენიშვნები და არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი კანონთან დაკავშირებით, ვეტოს დაძლევას ვუყრით კენჭს - უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოზე

როგორია უმრავლესობის დეპუტატების პოზიცია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ვეტოსთან ერთად კანონზე არსებითი არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა კენჭს უყრის ვეტოს დაძლევას.

"არა კონკრეტული შენიშვნების და კრიტიკული არგუმენტების გამო იყო მიღებული ვეტო, არამედ ეს ვეტო არის პოლიტიკური ჟესტი. თუ ვეტოსთან ერთად არსებითი შენიშვნები და არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი თავად კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვეტოს დაძლევას ვუყრით კენჭს. ეს კანონი იყო მიღებული ფართო კონსულტაციებით, ის სჭირდებოდა საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას თქმით, პრეზიდენტმა თავად თქვა რომ მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, თუმცა ზარქუას თქმით უმრავლესობა, განიხილავს პრეზიდენტის არგუმენტებს - ასეთის არსებობის შემთხვევაში.

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თან ქალბატონმა პრეზიდენტმა გუშინ ახსენა, რომ ეს არა სამართლებლივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებააო, - ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. ოპოზიციას არცერთი შენიშვნა არ ჰქონია, ამიტომ გეუბნებით, მათ არ აინტერესებთ ქვეყნის ინტერესები, ან რა კანონს ღებულობს, ან როგორ - დღეს გამოეღვიძათ? ჯერ არ არის გადმოგზავნილი რის საფუძველზე, კი ახსენა სამართლებლივად არანაირი არგუმენტი არ მაქვსო, მაგრამ ეს მისი უფლებაა, განვიხილავთ თუ რა არის არგუმენტები, ამის საფუძველი, თუ არის გავიზიარებთ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ არ არის", - აცხადებს ზარქუა.

დღის ამბები