19 აგვისტო 2022,   18:24
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე რეგიონში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიმდინარეობს - რა ვითარებაა უკრაინის ცხელ წერტილებში

ამ წუთებში, უკრაინის რამდენიმე რეგიონში ფართომასშტაბიანი დაბომბვა მიმდინარეობს - ინფორმაცია  უკრაინულ მედიაში ვრცელდება. სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის გარდა, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვა სხვადასხვა ფრონტზე ხდება, მათ შორის ხარკოვში.

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის წინააღმდეგ, ბოლო დღეებში, ახალი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს, ბოლო 24 საათში, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, რუსეთი გააქტიურდა უკრაინის სამხრეთით, კერძოდ მიკოლავეში, სადაც ბოლო დღეებია აფეთქებების ხმა ისმის. ბოლო 24 საათში დაიბომბა სუმის ოლქი.

მთავარი ბრძოლა კი დონბასში მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკისთვის ოკუპანტები მაქსიმალური ძალისხმევით უკვე რამდენიმე თვეა იბრძვიან, თუმცა განსაკუთრებული წინსვლა არ აქვთ. თითქმის სრულად მხოლოდ ლუგანსკსის ოლქი აქვთ დაკავებული, მაგრამ სევეროდონეცკის აღებას რუსეთი კვლავ ვერ ახერხებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,​ სევეროდონეცკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა ორი დასახლებული პუნქტი, ლოსკუტივკა და რეი-ოლექსანდრივკა აიღეს. ოკუპანტები ასევე ატარებენ თავდასხმით ოპერაციებს სიროტინის დასახლებაზე კონტროლის დამყარების მიზნით. რუსეთი ასევე იღებს მოსამზადებელ ზომებს მდინარე სივერსკის დონეცის ფორსირებისთვის.

რაც შეეხება დონეცკის ოლქს, რეგიონის დაახლოებით 45% - ს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. გასულ ღამეს, დონეცკში, რამდენიმე დასახლება ცეცხლის ქვეშ მოექცა, მათ შორის ქალაქები სლავიანსკი და ბახმუტი. რეგიონის ათეულობით დასახლება წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რუსულმა ძალებმა სამხრეთით, კრივი რიხის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა.

უკრაინელი სამხედროები შავ ზღვაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ "ზმეინზე" შეტევას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, "ზმეინზე" სამხედრო ოპერაცია მის სრულ გათავისუფლებამდე გაგრძელდება, ბუდანოვის ინფრომაცით ოკუპანტები კუნძულზე საზენიტო მოწყობილობებით და სარაკეტო არტილერიით შეიარაღებულ დანაყოფს ათავსებენ. რუსებს "ზმეინის" მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, მიზეზი მისი სტრატეგიული მნიშვნელობაა.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, რუსეთი უტევს სამოქალაქო ობიექტებსაც, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. იუნესკოს ექსპერტების ინფორმაციით, უკრაინაში 152 კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა დაიწყო. დაზიანებულ ან განადგურებულ ადგილებს შორის არის მუზეუმები და ძეგლები, ეკლესიები და სხვა რელიგიური შენობები, ბიბლიოთეკები და გამორჩეული მნიშვნელობის სხვა შენობები.

ომის 120-ე დღეს უკრაინა დასავლეთისგან კვლავ იღებს საბრძოლო ტექნიკას. უკრაინამ უკვე მიიღო ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, საუბარია ჰაიმარსზე. უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ები შეიარაღებულია რაკეტებით, რომლებსაც დაახლოებით 70 კმ.-ს რადიუსზე სროლა შეუძლიათ. უკრაინა ამერიკულ HIMARS-ებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მას შემდეგ ითხოვდა, რაც რუსეთთან ომის მეორე ფაზა დაიწყო და მოსკოვმა ინტენსიური თავდასხმები დონბასის რეგიონში დაიწყო.

დღის ამბები