12 აგვისტო 2022,   12:02
ვრცლად
ისტორიული დღე ორი ქვეყნისთვის - კიევი და კიშინიოვი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობენ 

ევროკავშირის წევრობისთვის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გადადგმულია. ევროპულმა გაერთიანებამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მწვანე შუქი აუნთო. 27 სახელმწიფოს ლიდერებმა ბრიუსელიდან კრემლს მკაფიო გზავნილი გაუგზავნეს. 

საშინაო დავალება კი ნამდვილად რთული და კომპლექსურია, მოლდოვასა და უკრაინას მოუწევთ კორუფციასთან ბრძოლის, დამოუკიდებელი მედიის, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარონ. ამ გზამდე მისვლისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებმა დახმარების პირობა ბრიუსელში უკვე მიიღეს.

ნატოს მხრიდან უკრაინისთვის წევრობაზე უარის თქმის შემდეგ, ევროკავშირი ვერ დაუშვებდა გეოპოლიტიკური ვაკუუმის დატოვებას - ამ სიტყვებით ახსნა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე ემანუელ მაკრონმა

კრიტიკული გადაწყვეტილება, რასაც უკრაინა 30 წელი ელოდა - ასე შეაფასა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მომხდარს ევროპის გაძლიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. უკრაინასთან ერთად რეფორმების გატარებისთვის მზაობა გამოთქვა მოლდოვამაც. მაია სანდუმ 23 ივნისს მოლდოვისთვის ისტორიულ დღე უწოდა.

ბრიუსელის გზავნილებს პასუხი გასცეს რუსეთის საგარეო უწყებაში. სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი არ არის, შესაბამისად ევროპული გაერთიანების ურთიერთობა ნებისმიერ ქვეყანასთან მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირი რუსფობიაში დაადანაშაულა და დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირეების შემოკრებაში დასდო ბრალი.

დღის ამბები