09 აგვისტო 2022,   12:28
ვრცლად
"არაფერი შეუსრულებელი იმ 12 პუნქტში არ არის, აქ არის საჭირო პოლიტიკური ნება" - ოპოზიცია ევროპელი ლიდერების რეკომენდაციებზე

პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ ინიციატივების გატარება პარლამენტში, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაეხმარება. როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს აგებული ევროკავშირის 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე.

"ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ დავიწყოთ იმ ინიციატივების გატარება პარლამენტში, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის დავით კირკიტაძის თქმით, წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულებას პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია.

"არაფერი შეუსრულებელი იმ 12 პუნქტში, რაც არის მოცემული, არ არის. აქ არის საჭირო პოლიტიკური ნება, რომელი ნებაც არ გააჩნია საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. პოლარიზაციის დასასრული არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამაზე პრემიერი და მოქმედი ხელისუფლება კი არ უნდა საუბრობდეს, ამისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ბერკეტები ხელთ უპყრია ხელისუფლებას და ბუნებრივია, მათგან უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ოპოზიცია დიდი ხანია ამაზე საუბრობს, რომ პოლარიზაცია ამ ქვეყანას კარგს არ მოიტანს," - ამბობს დავით კირკიტაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო კი მიიჩნევს, რომ 12 მოთხოვნა პირველ რიგში ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას გულისხმობს.

"ეს 12 მოთხოვნა, თავის შინაარსით არის ერთპიროვნული მმართველობის დასრულების მოთხოვნა, რომ მომავალში არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც "ქართულ ოცნებას", არც "გირჩს" არ შეეძლოს, რომ მმართველობის სადავეები მოიგდოს ხელში და შემდეგ ის უქნას ქვეყანას, რაც უნდა. პოლარიზაცია, თვითონ სიტყვა ნიშნავს, რომ რაღაც ორი პოლუსი არსებობს და ამათ შორის არის დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ამ პუნქტში ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის," - აცხადებს ჰერმან საბო.

დღის ამბები