26 სექტემბერი 2022,   23:56
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ღონისძიებების ჩაშლას გეგმავენ, სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება - შსს

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - უწყების ცნობით, ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რათა დახურულმა ღონისძიებებმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, "თბილისი პრაიდის," ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები