19 აგვისტო 2022,   17:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, რითაც ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს - როგორი პოზიცია აქვს ოპოზიციურ სპექტრს

ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "ქართული ოცნება" უკვე მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც მალე გასაჯაროვდება.

"12 პუნქტზე დიდი რაოდენობა აქვს საქართველოს პარლამენტს გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას სხვა უწყებებს და ასე შემდეგ... თითქმის უკვე გავლილია გეგმა, რა გეგმითაც უნდა მოხდეს 6 თვის განმავლობაში ამ პუნქტების შესრულება. 2-2 დღეში იქნება საჯაროდ საზოგადოებისთვისაც ცნობილი, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ამ 12 პუნქტიან გეგმასთან მუშაობას, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

განსხვავებული პოზიციაა ოპოზიციურ სპექტრში, ნაწილი ამბობს, რომ მუშაობა კოორდინირებულად უნდა წარიმართოს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საჭიროა ე.წ. დროებითი მთავრობის შექმნა.

"12 პუნქტის შესრულება თუ უნდათ, თვითონვე შეუძლიათ შეასრულონ, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თუ გაქვს პოლიტიკური ნება ასრულებ ამ 12 პუნქტს და შეგყავს ქვეყანა ევროპულ სამყაროში და თუ არ გაქვს ამის პოლიტიკური სურვილი რაღაცეებს მოიგონებ... ხელისუფლებაში არიან და ერთ დღეში შეუძლიათ იმდენი რამის გაკეთება, რომელიც მართლაც დასანახავი იქნება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებისთვის," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები