13 აგვისტო 2022,   19:37
ვრცლად
საქართველო უკვე 5 თვეა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს - რომელ სექტორზე მოდის ძირითადი დატვირთვა 

საქართველო უკვე 5 თვეა, ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს - ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები, არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 11,6%-ითაა გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-მაისში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12,2%-ს შეადგენს.

გაზრდილ პროცენტულ მაჩვენებელზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ არსებული რიცხვები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კიდევ უფრო დამაიმედებელია. მათივე განმარტებით, პროცენტული ზრდა რამდენიმე სექტორის მუშაობამ განაპირობა, მათ შორის არის ექსპორტი და ტურიზმის შემოსავლები.

ექსპერტების შეფასებით, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით განვითარებას. სპეციალისტების განცხადებით, არსებული მოცემულობა კარგი წინაპირობაა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ დაინახოს, რომ ქვეყანა ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზე დგას.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში, ევროპის და რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ამავე მონაცემებში წერია, რომ 14,%-ით, საქართველო უფრო მოწინავე პოზიციაზეა, ვიდრე პორტუგალია, ირლანდია, პოლონეთი, საბერძნეთი, ავსტრია და სხვა ევროპული ქვეყნები. პროცენტული მაჩვენებლებით საქართველო უსწრებს მეზობელ სახელმწიფოებსაც.

თუ ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მსგავსი ტემპით გაგრძელდა, ექსპერტების აზრით, მომდევნო წლებში სიღარიბის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი გაზრდილ მონაცემებს მომდევნო თვეებშიც ელოდება.

დღის ამბები