09 აგვისტო 2022,   12:37
ვრცლად
დუშეთის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის - სოფელი შატილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

უკვე რამდენიმე დღეა, დუშეთის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 77-ე და 90-ე კილომეტრზე ჩამოსული მიწისა და კლდის მასის გამო, კმ77-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ამავე საავტომობილო გზის კმ20-კმ77 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კმ1-კმ20 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აქ მეწყრული პროცესები გუშინ კიდევ ერთხელ განვითარდა, გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები.

"შატილი ამ წუთში მოწყვეტილია გარესამყაროს. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იქაურ მოსახლეობასთან. ითვლება ზარალი. მილიონები არის უკვე დათვლილი. ფაქტობრივად დაზიანებულია სოფლებთან მისასვლელი ყველა გზა და ხიდი. ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ზარალმა შეიძლება რამდენიმე მილიონიც კი შეადგინოს," - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა ნარიმანიძე.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ამბობს, რომ პირველადი სამუშაოები თითქმის ყველგან დასრულებულია. განსაკუთრებით დაზიანებულია, ჟინვალი -ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთი, დავით ნოზაძის თქმით,  მეწყერი გზებზე დღესაც განმეორდა და გზებზე მთიდან საკმაოდ დიდი ნაშალი მასა ჩამოვიდა.

დღის ამბები