09 აგვისტო 2022,   11:45
ვრცლად
მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა და დადგინდეს ყველაფერი - ოხანაშვილი წერეთელთან მომხდარი ინციდენტის შესახებ

"ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი, აშშ-ის საელჩოში მასსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ წერეთელი "გარკვეული თრობის ქვეშ ყოფილიყო".

"აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს, დაგეგმილი - უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ქართველი ადამიანი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო სიბილწის საზღვარი, თუ შეიძლება რომ ყველაფერს გასცდე და ყველაფერი იკადრო და ყველაფერი ბინძური გააკეთო, - მოხდა აი ეს. ამ სიტყვებს და საუბარს თქვენთან, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავიმეორებ.

აქედან გამომდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი - გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას, რაც გააკეთა, როგორც მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდზე და ა.შ. - ეს ყველაფერი ითქვას. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება რომ, თუ ეს დადასტურდა, ადამიანი აშშ-ის საელჩოში ასეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება.

მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, ძალიან კარგად ვიცი და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როცა შეურაცხყოფის მოყენებასაც კი ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა ყოველგვარ საზღვრებს," - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის. ანრი ოხანაშვილის თქმით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მძიმე პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატები.

დღის ამბები