17 აგვისტო 2022,   20:52
ვრცლად
ტრაგედია თურქეთის ქალაქ ხოფაში - ავტობანზე კლდის ჩამოშლას 1 ადამიანი ესმხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან, ავტობანზე კლდის ჩამოშლას ტრაგედია მოჰყვა, უზარმაზარი ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპული აზერბაიჯანის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ. საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში მყოფი მოქალაქეები გზის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ტრაგედიის ადგილას დღეს ართვინის მერიც იმყოფებოდა. მისი განმარტებით, სპეციალური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩამოშლილი მასისგან ავტობანი გაწმინდოს და ჩარჩენილ ადამიანებს გზის გაგრძელების საშუალება მისცეს.

სათვალთვალო კამერებმა უბედური შემთხვევის პირველი წუთები დააფიქსირეს. გამთენიისას კლდის ნაწილი მაშინ ჩამოიშალა, როდესაც ტრაილერების კოლონა ავტობანზე იყო გაჩერებული.

შემთხვევა ზღვისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დილის 8 საათზე მოხდა. მძღოლს, რომელიც კლდის ჩამოშლას ემსხვერპლა, სამშენებლო მასალები საქართველოში გადმოჰქონდა.

დაშავებული ორი მამაკაცი ართვინის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ართვინის მერის თქმით, კლდის ჩამოშლის ერთ-ერთი მიზეზი უხვი ნალექი გახდა.

უბედური შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე კვლავ რჩებიან სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

დღის ამბები