19 აგვისტო 2022,   12:00
ვრცლად
აქციები დღეს გეგმის გარეშე დაიშალა, თუმცა ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისის ცენტრში უკრაინული მაიდნის მსგავსი პროცესების განვითარებას არ გამორიცხავს

გეგმის გარეშე დაშლილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის ცენტრში უკრაინული მაიდნის მსგავსი პროცესების განვითარებას არ გამორიცხავს. შოთა დიღმელაშვილმა ხელისუფლებას წამზომი გუშინ სცენიდან კიდევ ერთხელ ჩაურთო. სამოქალაქო აქტივისტი მთავრობას ულტიმატუმს უყენებს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მოქალაქეების რადიკალური პროტესტით იმუქრება. დიღმელაშვილი უკრაინულ მაიდანს და სერბულ "რეჟიმ ჩეინჯს" აანონსებს. 

შოთა დიღმელაშვილის მოწოდებამ სისხლიან რევოლუციაზე, მმართველ გუნდს ბაკურიანის ცნობილი შეხვედრა გაახსენა. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვის წინ შეკრებილებმა რევოლუციური სცენარი სწორედ ბაკურიანში შეიმუშავეს და ახლა მის განხორციელებას ცდილობენ. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ რევოლუციონერებისა და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დიღმელაშვილის რიტორიკას იზიარებს,"ნაციონალური მოძრაობაა". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის, მაიდანთან პარალელის გავლება ძალადობრივ ქმედებებთან არ ასოცირდება. "ნაცმოძრაობაში" მზად არიან "სირცხვილიას" სტრატეგია გაიზიარონ.

დიღმელაშვილის გაცხადებული სტრატეგიით უკმაყოფილოა ოპოზიციის დიდი ნაწილიც. პოლიტიკოსების თქმით, მნიშვნელოვანია ენერგია ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ იყოს მიმართული. რაც შეეხება, უკრაინულ და სერბულ რევოლუციის მოდელებს, მათი თქმით, პროცესების მართვა ინდივიდუალურია და საქართველომაც მშვიდობიანი პროტესტის საკუთარი პრეცედენტი უნდა დაამკვიდროს.

ხელისუფლების შეცვლის სურვილი არადემოკრატიული გზით - ასე აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები აქციაზე გახმოვანებულ მოწოდებას. მმართველი გუნდის აზრით, ოპონენტები ევროპული ღირებულებების სახელით, ყველაზე ანტიევროპულ ქმედებებს გეგმავენ.

უკრაინული და სერბული რევოლუციების სცენარის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, მოწოდება გუშინ "შინ ევროპისკენ" სახელით გამართულ აქციაზე გახმოვანდა.

დღის ამბები