19 აგვისტო 2022,   19:05
ვრცლად
არაფერია ჩვენს დემოკრატიაში გარანტირებული - ამერიკის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ აღლუმზე მომხდარ სროლას ჯო ბაიდენი ეხმაურება

ჩიკაგოს სიახლოვეს, ამერიკის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ აღლუმზე მომხდარ სროლას, 6 ადამიანი ემსხვერპლა. დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებული პირის ძებნის და დაკავების ოპერაცია დილიდან გრძელდებოდა. ჩიკაგოს შემოგარენში, სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებდნენ და მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდათ. პირი, რომლითაც გამოძიება იყო დაინტერესებული, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, შემთხვევის ადგილიდან 5 მილის მოშორებით აიყვანეს.

დაკავებული 22 წლის ამერიკელი რობერტ ქრიმოა. მისი, როგორც "გამოძიებისთვის საინტერესო პირის" იდენტიფიცირება პოლიციამ მალევე მოახდინა. ჰაილენდ პარკში, რომელიც ჩიკაგოსთან ახლოს მდებარეობს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, თავდამსხმელმა დაახლოებით დილის 10 საათზე, ხალხის მიმართულებით, შენობის სახურავიდან გახსნა ცეცხლი. პანიკაში მყოფი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გაქცევას ცდილობდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.

ილინოისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თქვა, რომ მომხდარით შოკირებულია და იარაღით ძალადობის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

"ყველამ გაიგეთ, რაც მოხდა. თუმცა ყოველდღე გვახსენებს თავს ის, რომ არაფერია ჩვენს დემოკრატიაში გარანტირებული. არაფერა გარანტირებული ჩვენი ცხოვრების წესში. უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. დავიცვათ და ხმის მიცემით მოვიპოვოთ,"- განაცხადა ბაიდენმა.

ილინოისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმამდე, იყო იარაღით ძალადობის არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის უვალდეს სკოლაში და ბაფალოს სუპერმარკეტში მომხდარი სროლები. შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონშიც, სადაც მოეჩელას ფესტივალზე 15 წლის მოზარდი მოკლეს. მხოლოდ ამერიკის დედაქალაქში, იანვრიდან დღემდე 100-ზე მეტი მკვლელობაა მომხდარი.

დღის ამბები