19 აგვისტო 2022,   18:39
ვრცლად
"ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი" - ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცა, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ უარყოფს, რომ "ენჯეოებსა" და პოლიტიკას შორი ზღვარი ნაწილობრივ წაშლილია.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სჯობს პოლიტიზირებული არასამთავრობოები პოლიტიკოსები გახდნენ და თქვან, რომ დამოკიდებულება შეიცვალეს. 

"ჩემი აზრით, პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, იმიტომ, რომ ასე დარჩენა, იყო თან პოლიტიკაში და გერქვას, რომ მე არასამთავრობო ვარ, ანუ რაღაც სხვა ვარ, რომელსაც პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ერევი - ეს შეუსაბამობაა. მათ მოვუწოდებ ამის აღიარებისკენ და იმის თქმისკენ, რომ შეიცვალეს დამოკიდებულება და ახლა აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობენ. ამაში არაფერია სამარცხვინო და ცუდი, ცუდი და საძრახი საქციელია ტყუილი, როდესაც რაღაცაში ხარ და ამბობ არ ვარო, ამიტომ ეს მერე პრობლემა იქნება, ვინც არ უნდა თქვას," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

"მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ცოტა უცნაურია, როდესაც პოლიტიკური მოთხოვნების ავანგარდში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გვევლინებიან და მათ პოლიტიკისგან მეტ დისტანცირებას ურჩევს.

"მეტი სიფრთხილე მართებთ, როდესაც პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებენ და ვფიქრობ, მეტი დისტანცია უნდა დაიჭირონ პოლიტიკური პროცესისგან. საექსპერტო აზრი მნიშვნელოვანია, ისინი უნდა იყვნენ ყველა პროცესში ჩართული, მაგრამ როცა პოლიტიკურ მოთხოვნებს შეეხება, პოლიტიკური მოთხოვნების ავანგარდში ცოტა უცნაურია, როცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები გვევლინებიან და მერე ეს არის ძალიან მძლავრი არგუმენტი ხელისუფლების ხელში, რომ არასამთავრობო სექტორს მაგალითად კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები უწოდოს. მე ამ მოწოდებას არ ვიზიარებ, თუმცა მათ ვთხოვდი, მოვუწოდებდი, რომ ცოტა მეტი დისტანცირება დაიჭირონ პოლიტიკისგან და თუ პოლიტიკა აინტერესებთ, მაშინ გადმოვიდნენ პოლიტიკაში," - თქვა იოსელიანმა.

დღის ამბები